მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.